თიბისი კაპიტალმა ტურიზმის სექტორის აღდგენის შესახებ ონლაინ კონფერენციას უმასპინძლა და განახლებული რეპორტი წარადგინა.
პუბლიკაციის თანახმად, საერთაშორისო ტურისტული ვიზიტებიდან მიღებული შემოსავლების აღდგენა თავად ვიზიტების აღდგენას აჭარბებს. 2021 წლის ოქტომბრის ჩათვლით, 2019 წლის დონესთან შედარებით, შემოსავლები 35%-ით, ვიზიტები კი 21%-ით აღდგა. საერთაშორისო ვიზიტების აღდგენა ყველაზე დაბალი იყო რუსეთიდან, თურქეთიდან, სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან, ყველაზე მაღალი კი — უკრაინიდან, ისრაელიდან და საუდის არაბეთიდან.
პანდემიამ გავლენა იქონია ტურისტების ქცევაზე: გაჩნდა უფრო ხანგრძლივი დროით მოგზაურობის ტენდენცია. ვიზიტებთან შედარებით შემოსავლების უფრო მეტად აღდგენის ერთ-ერთი ახსნა სწორედ ეს არის.
სექტორის ტენდენციები
ტურისტები მცირე ჯგუფებად მოგზაურობენ და თავს არიდებენ ხალხმრავალ ადგილებს; იზრდება სექტორში ციფრული ტექნოლოგიების გამოყენება; იზრდება სამკურნალო და გამაჯანსაღებელი ტურიზმის მნიშვნელობა.
შიდა ტურიზმი მნიშვნელოვან როლს ასრულებს სტუმარმასპინძლობის ინდუსტრიის აღდგენაში. 2021 წლის მეორე კვარტალში შიდა ტურიზმი 27%-ით გაიზარდა. სასტუმროებში რეზიდენტების ხარჯვის თვალსაზრისით რეგიონებიდან აჭარა და კახეთი ლიდერობენ.
კადრების დეფიციტი — სექტორის მთავარი გამოწვევა
პანდემიის შედეგად 2020 წელს ტურიზმთან დაკავშირებულ სფეროებში დასაქმებულთა რაოდენობა 28%-ით, განთავსების საშუალებების სექტორში კი 41%-ით შემცირდა. სამუშაო ადგილების მასიურმა დაკარგვამ და არაპროგნოზირებადმა გარემომ სექტორის მიმართ უნდობლობა გააჩინა — ინდუსტრიიდან გამოთავისუფლებულმა სამუშაო ძალამ სხვა დარგებში გადაინაცვლა.
თიბისი კაპიტალის კვლევის თანახმად, სასტუმროების 88%-ს კადრის მოსაზიდად სახელფასო დიაპაზონის გაზრდა უწევს. თუმცა ადამიანური რესურსი ისევ მთავარ გამოწვევად რჩება.
დასაქმებულთა დეფიციტის მთავარ მიზეზებად დასახელებულია განათლების სისტემაში არსებული ხარვეზები, ტურიზმის სექტორის არასტაბილურობა და დაბალი ანაზღაურება. საგანმანათლებლო პროგრამები ხშირად არ არის თანხვედრაში ბიზნეს-სექტორის საჭიროებებთან.


