ერთი ვიზიტორი საქართველოში დღეს უფრო მეტს ხარჯავს, ვიდრე პანდემიამდე
ბაზარი · 15 დეკემბერი, 2021 · ბაზარი წთ

ერთი ვიზიტორი საქართველოში დღეს უფრო მეტს ხარჯავს, ვიდრე პანდემიამდე

თიბისი კაპიტალის კვლევის თანახმად, 2019 წელს ერთი ვიზიტიდან საშუალო შემოსავალი 423 დოლარი იყო. 2021 წელს ეს მაჩვენებელი 69%-ით გაიზარდა და 715 დოლარს მიაღწია.

ერთი ვიზიტორი საქართველოში დღეს უფრო მეტ თანხას ხარჯავს, ვიდრე პანდემიამდე — ამის შესახებ თიბისი კაპიტალის კვლევაშია აღნიშნული. „ტურიზმი აღდგენის გზაზე“ — ასე ჰქვია დოკუმენტს, რომელიც საინვესტიციო ბანკმა მოამზადა და რომელიც COVID-19-ის შედეგად სექტორისთვის მიყენებულ ზარალს სწავლობს და პროგნოზებსაც აკეთებს.

423-დან 715 დოლარამდე

კვლევაში წერია, რომ 2019 წელს ერთი ვიზიტიდან საშუალო შემოსავალი 423 დოლარი იყო. 2021 წელს კი ეს რიცხვი 69%-ით გაიზარდა და 715 დოლარი შეადგინა.

თიბისი კაპიტალი მიუთითებს, რომ პანდემიის გამო ვიზიტორები შედარებით დიდი ხნით ამჯობინებენ ტურისტულ ლოკაციებში დარჩენას და ზრდაც ამასთან არის დაკავშირებული.

რომელი ბაზრები იზრდება

ვიზიტებზე შემოსავლების ზრდა შეიმჩნევა შემდეგი ქვეყნებიდან: რუსეთი, უკრაინა, სომხეთი, აზერბაიჯანი, ისრაელი და საუდის არაბეთი.

„2016–2019 წლების პერიოდში საშუალო შემოსავალი შედარებით ნელი ტემპით იზრდებოდა — წლიურად საშუალოდ 3%-ით. ასეთი ნელი ზრდა შესაძლოა აიხსნას საქართველოს მთავარი ბაზრის შემადგენლობით. 2021 წელს ვიზიტზე საშუალო შემოსავალი 69%-ით გაიზარდა. ეს ზრდა, სავარაუდოდ, დარჩენის დროის გაზრდითაა გამოწვეული, როგორც მსოფლიო ტრენდი მიუთითებს“, — ნათქვამია კვლევაში.

ერთი ვიზიტიდან მიღებული შემოსავლის ქვეყნების მიხედვით განხილვისას მცირედი კლება ფიქსირდება თურქეთის შემთხვევაში, რაც თურქეთის მაშინდელი ეკონომიკური მდგომარეობით შეიძლება აიხსნას. ვიზიტიდან მიღებული შემოსავლები თითქმის უცვლელია ისრაელიდან და საუდის არაბეთიდან.

კვლევის დასკვნა

კვლევის ერთ-ერთი მიგნებაა, რომ საუდის არაბეთი, ისრაელი და უკრაინა საქართველოსთვის მზარდ ბაზარს წარმოადგენს, ხოლო ევროკავშირი სტაბილურად შეიძლება ჩაითვალოს.

გაქვთ ნაკვეთი, პროექტი ან მოქმედი სასტუმრო?

მოგვწერეთ — და კონკრეტულ პროექტზე გიპასუხებთ.

დაგვიკავშირდით ყველა სტატია